პროკურატურამ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ბრალი წარუდგინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 164
საქართველოს პროკურატურამ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წარუდგინა.
ბრალდებულს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა. უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტირება-მშენებლობაზე, სადაც გამარჯვებულად შპს „ლაგი კაპიტალი“ გამოცხადდა.
პროექტის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ფონდის ხელმძღვანელსა და პროექტის მენეჯერებს ეკისრებოდათ. მათ შორის, კონტრაქტორის მიერ მოთხოვნილი საავანსო თანხების დასაბუთებულობის შემოწმებაც.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა იცოდა, რომ „ლაგი კაპიტალი“ საავანსო თანხას ითხოვდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, მან კომპანიას ეტაპობრივად 11.2 მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით გადაურიცხა, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ბაღების სამშენებლო პროექტები ჯერ მზად არ იყო.
საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიითვისეს 9.36 მილიონი ლარი, რის შედეგადაც 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა არ განხორციელდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის კიდევ ორი თანამშრომლისა და „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც 9.36 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1.2 მილიონი ლარის ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოს წინაშე დგანან.
No article in the selected categories
