ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა და მათ შორის ჯიპიაი ჰოლდინგმა, სადაც დაღუპული მუშაობდა.
"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ", - აღნიშნავენ კომპანიაში.
განახლება:
ცოტახნისწინ, დაღუპული ქალის შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება:
„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.
თუმცა, ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა, ამაზრზენია!
დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!
ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” - დაწერა თამუნა კუბლაშვილმა.