₾661 ათასის მითვისებისთვის „სამშენებლო კომპანია №1“-ის 4 წარმომადგენელი დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებისთვის ოთხი პირი დააკავა.
გამოძიების თანახმად, დაკავებულები, რომლებიც შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის წარმომადგენლები არიან, 2020 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს. ტენდერი სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა, რომლის საერთო ღირებულებაც 6.63 მილიონ ლარს შეადგენდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლებაში, თაღლითობაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გამოყენებაში.
"გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.
შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - წერს უწყება.
აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 40.1 მლნ ლარია.
2005 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 70%-ს დავით ჭოლაძე ფლობს, 20%-ს სიმონ ბოლქვაძე, 10%-ს კი კობა ნაჭყებია.
No article in the selected categories
