მოსამართლე ხუჯაძემ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, აქტივისტი და პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. ამით ის დაეთანხმა პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

იმის მიუხედავად, რომ საქმის გამოძიება უკვე დასრულებულია, მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა ბრალდებული ხასაიას სხვა აღკვეთის ღონისძიებით გათავისუფლების შესახებ. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ხასაიას გაქცევა არ უცდია, ამას კი მოწმობს 1 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე მისი 29 სექტემბერს დაკავება.

„პროკურატურამ ბრალში აღწერა, როგორც მძიმე დანაშაული და ამით ქმნის ილუზიას, რომ გელა ხასაიასთვის პატიმრობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - თქვა სხდომაზე ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.

მომდევნო სხდომა 3 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

გელა ხასაია პოლიციამ 29 სექტემბერს დააკავა. მას ედავებიან 1 სექტემბერს თბილისში, სადგურის მოედანზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანების მიყენებას. ადვოკატი ომარ ფურცელაძე აღნიშნავდა, რომ იმ დღეს ხასაია კონფლიქტს შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებდა.