ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პოლიტიკოსის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე თქვა: 

„პირველ რიგში, გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.

ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, საკმაოდ კარგად ვფლობ იარაღს...

აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, გამბედაობით და ვაჟკაცობით. პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა… 

ორი დღე გავიდა, ძვლივს გამდის ის ჯავრი, მაგრამ ამას ვიტყვი პირდაპირ და კაცურად - მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად. ერთადერთი რაც მინდოდა, მისთვის თავი დამეღწია, როცა მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა და სხვებიც მოვიდოდნენ. ტკიპასავით ჩამაფრინდა და ვერაფრით მოვიშორე. ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით მაგას… ჯერ ადამიანი ვარ, მერე კაცი ვარ და მერე ვარ ტერორისტი. 

უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. მე იქ მივედი დილაუთენია, 5 საათზე. უზარმაზარი გზა გავიარე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, წინასწარი ზრახვით. ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა. გადავიკიდე ზურგჩანთა და კი, ყველაფერი წინასწარ ვიყიდე და მოვამზადე და გეგმა მქონდა, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა იმისთვის, რაც ამ ქვეყანაში ხდება.
 
ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, თუნდაც მანდატურები, როგორ ექცევიან, რა შეურაცხყოფას აყენებენ. მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა. 

ამის წინააღმდეგ მქონდა პროტესტი და მეტი არაფერი, ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია“.