ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა. 

ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

რაც შეეხება ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის პოზიციას, როგორც უფლებადამცველი აცახდებს, ილია ღუდუშაური ამ დრომდე პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

"ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მუხლი ითვალისიწნებს ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას. პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ საქმის მასალები ახლა უნდა გადმოგვცენ. მეტი სიხალე არაფერი მაქვს", - აცხადებს ადვოკატი. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური გუშინ წინ დააკავეს. საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.

საქმის მასალების მიხედვით,  2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.