მოკლულია 4 შვილის მამა - რა მოხდა ლილოს დასახლებაში

მკვლელობა ლილოს დასახლებაში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს. 

ადგილობრივები "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვებიან, რომ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგადაც თავდამსხმელი ადგილიდან გაუჩინარდა, ხოლო დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების მონაყოლის თანახმად, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. 

მედიისთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.

ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმე აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა", - ამბობს ადგილობრივი. 

მანქანაში ვიღაც უცემიათ, შემდეგ უსროლიათ. მანქანით აქამდე მოსულა, მაგრამ ბაზართან ნაგვის მანქანას დაეჯახა. ის აქაური არ იყო", - ამბობს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მათ გამოძიების ფარგლებში სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ახლა კი შეიარაღებულ მამაკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.