ყალბი პირადობისა და მართვის მოწმობების დამზადება-გასაღება - დაკავებულია 1 პირი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 63
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გასაღება.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსა და მართვის მოწმობებს.
სუსის განცხადებით, ბრალდებული დამზადებულ ყალბ საბუთებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებსა და შუამავლებს ფოსტის მეშვეობით უგზავნიდა.
"კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები", - წერს უწყება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას ან გასაღებას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
