პირადი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით,) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.