ექსტრემალურმა ამინდმა ევროპაში სულ მცირე €43 მლრდ-ის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია

ექსტრემალურმა ამინდმა, რომელსაც ევროპის კონტინენტი გასულ ზაფხულს ებრძოდა, სულ მცირე 43 მილიარდი ევროს მოკლევადიანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია და მოსალოდნელია, რომ ხარჯები 2029 წლამდე €126 მილიარდამდე გაიზრდება - ამის შესახებ ScienceDirect-ში გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

კვლევამ, რომელსაც მანჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი შეჰრიშ უსმანი ხელმძღვანელობდა, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ეკონომისტებთან თანამშრომლობით, აჩვენა, რომ 2025 წლის ზაფხულში სიცხემ, გვალვამ და წყალდიდობამ ევროკავშირის რეგიონთა მეოთხედი დააზარალა. კვლევის თანახმად, ზარალი ევროკავშირის 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების 0.26%-ის ეკვივალენტია.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ექსტრემალურ ამინდთან დაკავშირებული რეალური ხარჯები ხშირად გვიან ითვლება, რადგან სტიქიური მოვლენები ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე, პირველადი ეფექტის შემდეგაც, სხვადასხვა გზით ახდენს გავლენას. შესაბამისად, ოფიციალური დათვლები ხშირად დაგვიანებულია.

განსხვავებით ზარალის დათვლის ტრადიციული მეთოდებისგან, რომელთა ძირითადი ფოკუსიც განადგურებული ინფრასტრუქტურაა, კვლევა ისეთ დაფარულ ხარჯებზე კონცენტრირდება, როგორებიცაა, მაგალითად, დაკარგული ტურისტული შემოსავლები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება ან სტიქიის გავლენა პროდუქტიულობაზე.

კვლევის თანახმად, ზაფხულში ევროპის 96 რეგიონში სიცხის ტალღა, 195-ში - გვალვა, 53-ში კი - წყალდიდობის შემთხვევები დაფიქსირდა. ამინდის თითოეული ეს მდგომარეობა ეკონომიკურ აქტივობაზე განსხვავებულად აისახება. მაგალითად, ძლიერი სიცხის დროს მცირდება საათების რაოდენობა, რა დროშიც მშენებლების ღია ცის ქვეშ მუშაობაა ნებადართული. გვალვა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე ახდენს გავლენას, წყალდიდობის გამო კი ზიანდება შენობა-ნაგებობები, მათ შორის ქარხნებიც, სადაც იძულებულები ხდებიან, წარმოება დროებით შეაჩერონ.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მძიმე დარტყმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს. ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გვალვისა და სიცხის ტალღების რისკები გაცილებით მაღალი იყო. მხოლოდ იტალიაში ექსტრემალური ამინდით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა 2025 წლის ზაფხულში €11.9 მილიარდი შეადგინა, საფრანგეთში - €10.1 მილიარდი, ესპანეთში კი ყველაზე მეტი - €12.2 მილიარდი.

უფრო პატარა ეკონომიკები, როგორებიც, მაგალითად, მალტა, კვიპროსი ან ბულგარეთი არიან, კიდევ უფრო მოწყვლადები არიან ექსტრემალური ამინდის მიმართ. თითოეული ქვეყნის ზარალმა მათი ეკონომიკის მთლიანი დამატებული ღირებულების (GVA) სულ მცირე 1% შეადგინა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სწრაფი ანალიზით მიღებული რიცხვები, სინამდვილეში, შესაძლოა, ხარჯების აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს.