ტრამპი და ერდოღანი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 48
2019 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ თეთრ სახლში შეხვდნენ. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა ყურადღება ვაჭრობაზე, თავდაცვასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე გაამახვილეს. ამერიკის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, მან შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული სანქციების გაუქმებაც არ გამორიცხა.
ცნობისთვის, 2019 წელს, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების ყიდვის შემდეგ, ტრამპის წინა ადმინისტრაციამ ოფიციალურ ანკარას F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენა შეუზღუდა. ამჯერად, ტრამპმა გამოთქვა მზაობა, რომ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის პროცესი განახლდეს.
რაც შეეხება თავად თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერებული ანტი-ისრაელური პოზიცია შეარბილა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამასთან, მან მხარი დაუჭირა ორი სახელმწიფოს გამოსავლის ინიციატივას. ამ ნაბიჯით ერდოღანი ტრამპთან პირდაპირ დაპირისპირებას მოერიდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ოფიციალური ანკარა და გაითვალისწინებს თუ არა დონალდ ტრამპის რჩევებს. როგორც ცნობილია, ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივ საერთაშორისო ზეწოლას განიცდის. დასავლურ ქვეყნებს სურთ, ქვეყანამ რუსეთთან კავშირები შეამციროს და დასავლურ სანქციებს შეუერთდეს, თუმცა ენერგოსექტორში ახლო პარტნიორობა ერდოღანის ხელისუფლებას ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნებას აიძულებს.

No article in the selected categories