სირიის სასამართლომ ბაშარ ასადის დაკავების ორდერი დაუსწრებლად გამოსცა

სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის დაკავების ორდერი დაუსწრებლად გამოსცა. ინფორმაციას სააგენტო SANA ავრცელებს.

საქმე ეხება 2011 წელს სირიის პროვინცია დერააში განვითარებულ მოვლენებს. როგორც სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაშია აღნიშნული, ასადს ბრალად განზრახ მკვლელობა, წამება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას საფუძვლად დერააში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრების საჩივარი დაედო.

როგორც სააგენტო იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილება სირიის ყოფილი ლიდერის საერთაშორისო დევნას, მათ შორის ინტერპოლის მეშვეობით უხსნის გზას.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში სირიის შეიარაღებული ოპოზიცია დედაქალაქ დამასკოში შევიდა, რის შედეგადაც ასადი იძულებული იყო ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მან თავი მოსკოვს შეაფარა.