ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - რამდენიმე ათეული. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა სამშაბათს, გვიან ღამით მოხდა.

კებუს პროვინციაში, სადაც სტიქიის გამო ყველაზე მწვავე შედეგები დადგა, “კატასტროფის მდგომარეობაა” გამოცხადებული, ათასობით ადამიანი კი, განმეორებითი ბიძგებისგან თავის დასაცავად, ღამეს ქუჩაში ათევს. ადგილობრივები მედიასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ კებუში გათიშულია ელექტროენერგია და არ მიეწოდებათ არც წყალი.

ფილიპინებში მიწისძვრას წინ უსწრებდა ორი ტაიფუნი, რომელმაც ერთი კვირით ადრე 15-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიწისძვრამ დიდი ზარალი გამოიწვია და დაშავებულთა დასახმარებლად სამედიცინო გამოცდილების მქონე მოხალისეთა დახმარებაა საჭირო.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქალაქების ინფრასტრუქტურაც, დაინგრა შენობა-ნაგებობები და ხიდები, რაც სოფლებთან დაკავშირებას კიდევ უფრო ართულებს.

განმეორებითი მიწისძვრის ეპიცენტრი ბოგოში, ფილიპინების ყველაზე დიდი კუნძულის პატარა ქალაქში, დაფიქსირდა, სადაც ბიძგების სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას აღწევდა.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ ღია სივრცეში და თავი აარიდონ მიმდინარე მშენებლობებსა და, მათ შორის, ეკლესიებსაც, რადგან მათი დიდი ნაწილი რამდენიმე ასეულ წელს ითვლის.