სასამართლომ "ამერიკის ხმიდან" ასობით თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება შეაჩერა

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, შეაჩეროს ასობით თანამშრომლის გათავისუფლება USAGM-ის სააგენტოდან, რომელიც „ამერიკის ხმას“ ფლობს და დასძინა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა „შემაშფოთებელი უპატივცემულობა“ გამოიჩინეს სასამართლოს მითითებების მიმართ.

აშშ-ის ვაშინგტონის შტატის რაიონულმა მოსამართლე როის ლამბერტმა დაადგინა, რომ აშშ-ის "გლობალური მედიის სააგენტოს" არ შეუძლია, შეასრულოს სამუშაო ძალის შემცირების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება და 532 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვოს.

ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ სააგენტოში სამუშაო ძალის შემცირების პროცესი 30 სექტემბრიდან დაიწყებოდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს გეგმა დაპაუზებულია, ვიდრე მოსამართლე მოსარჩელეების შუამდგომლობაზე სამუშაო ძალის შემცირების გადაწყვეტილების დაბლოკვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მანამდე როის ლამბერტმა ასევე დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა აღედგინა „ამერიკის ხმის“ პროგრამები იმ დონემდე, რომელიც მის კანონიერ მანდატს - იყოს მუდმივად სანდო და ავტორიტეტული საინფორმაციო წყარო - შეესაბამება. მან ასევე დაბლოკა თანამდებობიდან „ამერიკის ხმის“ დირექტორის, მაიკლ აბრამოვიჩის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც.

შეგახსენებთ, რომ გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა, რომელიც დონალდ ტრამპის წარმომადგენელია, 20 ივნისს „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების უმეტესობა სამსახურიდან დაითხოვა.

უფრო ადრე, 14 მარტს დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირება მოითხოვა.

ტრამპის გადაწყვეტილება „ამერიკის ხმამ“ სასამართლოში გაასაჩივრა.