ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზას ხელი მოაწერეს - ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა და მხარეებმა რამდენიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, პირველ ეტაპზე ჰამასის მიერ გატაცებული ყველა მძევალი გათავისუფლდება, სანაცვლოდ კი ისრაელის არმია ღაზას გარკვეულ ნაწილს დატოვებს და შეთანხმებულ ხაზამდე დაიხევს უკან. ტრამპი არ აკონკრეტებს არც იმას, როდის გადაეცემა ისრაელს ცოცხალი თუ გარდაცვლილი მძევლები და არც იმას, თუ სად განისაზღვრება ჯარის დისლოკაციის ადგილი.

“ისრაელისა და ჰამასის მიერ სამშვიდობო შეთანხმების პირველ ფაზაზე ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი ძლიერი, მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად” - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება უდიდესი წარმატებაა არამარტო მოლაპარაკებაში ჩართული დაპირისპირებული მხარეებისთვის, არამედ არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ახლო აღმოსავლეთი ქვეყნებისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებებში გაწეული დახმარებისთვის კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა მათი წვლილი ისტორიული შედეგის დადებაში.