გერმანულმა ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
გერმანიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ ჩინური სავაჭრო პლატფორმა Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს მყარი ეჭვი, რომ Temu მის პლატფორმაზე წარმოდგენილ კომპანიებს აიძულებს, პროდუქტები იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე სხვა ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე, რათა მათი კონკურენტუნარიანობა შემცირდეს, Temu-მ კი მეტი მომხმარებელი მოიზიდოს და ბაზარზე დომინირდეს.
ანტიმონოპოლიურ ორგანოში ეჭვობენ, რომ ეს მიდგომა კონკრეტულად გერმანიაზეა გათვლილი და მიზნად ევროპის უმსხვილეს სახელმწიფოში უკონკურენტო ლიდერად ჩამოყალიბებას ისახავს, რაც კონკურენციის შესახებ კანონს არღვევს და აჩენს რისკს, რომ უკონკურენტოდ დარჩენილი Temu შემდგომში ფასებს საგრძნობლად გაზრდის. ფედერალურ ოფისში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დგინდება, არის თუ არა Temu-ს ადმინისტრაცია ამ საქმეში აქტიურად ჩართული და ავალებს თუ არა კომპანიებს ფასების განზრახ შემცირებას.
ცნობისთვის, გერმანიაში Temu-ზე 19.3 მილიონი აქტიური მომხმარებელია დარეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 23%-ზე მეტია.
გერმანიის ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადებას Temu-ში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ციფრული ვაჭრობის ჩინური გიგანტი აცხადებს, მათი მხრიდან ყველა კანონი თუ რეგულაცია გათვალისწინებული და დაცულია. შესაბამისად, კომპანია ფასებზე ხელოვნურ ზეგავლენას არ ახდენს. თუმცა პლატფორმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მზად არიან გერმანულ მხარესთან თანამშრომლობისთვის და იმედოვნებენ, რომ არსებული ეჭვები მალე გაქარწყლდება.

No article in the selected categories