ინდონეზიაში ვულკანის გააქტიურების გამო ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა

ინდონეზიაში ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი გააქტიურდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვულკანის კრატერიდან ამოსული ფერფლი 10 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა. ვულკანიდან ფერფლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში იფრქვეოდა.

ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტოს განცხადებით, რამდენიმე საათის შემდეგ ვულკან კვლავ გააქტიურდა, რა დროსაც ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

ადგილობრივი კატასტროფების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლის, აველინა მანგოტა ჰალანის თქმით, დაუყოვნებლივ განხორციელდა ვულკანთან ყველაზე ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ათობით ადამიანის ევაკუაცია.

როგორც მედია წერს, ინდონეზიის მთავრობამ ხუთშაბათამდე დახურა ფრანსისკუს ქსავერიუს სედას აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ ნუსა ტენგარას პროვინციაში, მდებარეობს.

ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი  ბოლოს აგვისტოში ამოიფრქვა. იქამდე კი ვულკანი კიდევ ერთხელ ივლისში ამოიფრქვა, რის გამოც, კურორტ კუნძულ ბალიმდე ავიამიმოსვლა დროებით შეიზღუდა. ინდონეზიაში სულ 120-ზე მეტი აქტიური ვულკანია.