ამერიკის მთავრობის “შათდაუნი” დასასრულს უახლოვდება - რაზე შეთანხმდნენ სენატორები?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 51
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ე.წ. შათდაუნი დასასრულს უახლოვდება. 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ, ამერიკელმა სენატორებმა დემოკრატიული პარტიის მიერ ინიციირებული ე.წ. ფილიბასტერი გააუქმეს. განმარტებისთვის, ეს არის ერთგვარი ვეტო, რომლის დადების უფლებაც ნებისმიერ სენატორს აქვს, თუ კონკრეტული კანონპროექტის დაბლოკვა სურს. თუმცა თუ “ვეტოს” კონკრეტული და გამართლებული მიზანი არ აქვს, ის ინიციატორ პარტიას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ე.წ. ფილიბასტერის გაუქმებას მხარი დემოკრატიული პარტიის ცენტრისტმა წევრებმა დაუჭირეს. ისინი პირისპირ მოლაპარაკებებს სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ ტუნთან აწარმოებდნენ. უმცირესობის წარმომადგენლები საკუთარი გუნდის მიერ ინიციირებული “ვეტოს” მოხსნას ერთი პირობით დათანხმდნენ - რესპუბლიკურმა პარტიამ ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას შემოღებული “ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტი” უნდა გაახანგრძლივოს.
ამ მოცემულობით, ე.წ. შათდაუნის გამომწვევი მთავარი გამოწვევა მოხსნილია. მომდევნო საათებში სენატორებმა უნდა იმსჯელონ და მხარი დაუჭირონ დროებით საბიუჯეტო კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებას 30 იანვრამდე გაახანგრძლივებს. ამ პერიოდში, ორივე პარტიის წევრები 2026 წლის საბიუჯეტო პროექტის შექმნაზე იმსჯელებენ და ეცდებიან, “შათდაუნის” განმეორება თავიდან აირიდონ.
დროებითი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი დასამტკიცებლად ხელახლა გადაეგზავნება წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. თუ კანონპროექტი მხარდაჭერას ორივე პალატაში მოიპოვებს, ის პრეზიდენტ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეცემა. სენატში განმარტავენ, რომ, სავარაუდოდ, ეს პროცედურა კვირის პირველ ნახევარში დასრულდება.
No article in the selected categories
