აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი 180 დღით შეაჩერა

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი 180 დღით შეაჩერა. გადაწყვეტილება სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას აშშ-ში ისტორიულ ვიზიტს მოჰყვა.

როგორც მედიაში იწერებოდა, შეხვედრაზე სირიის ახალი ლიდერი შეეცდებოდა 13 წლიანი სამოქალაქო ომისგან განადგურებული ქვეყნის აღდგენისთვის აშშ-ისგან ფინანსური დახმარების პირობა მიიღოს.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში წერია, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერების გზები განიხილა. ასევე საუბარი შეეხო „რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს“.

ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციების შერბილებაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ სანქციების მოხსნა სირიას "დიდების შანსს" მისცემდა. 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში ბაშარ ალ-ასადის დიქტატურა დაემხო და ამით 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომიც დასრულდა. კონფლიქტს 650 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ეკონომიკურმა დანაკარგებმა კი $440 მილიარდს გადააჭარბა. დასავლურმა სანქციებმა სირიის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სირიის ახალი მთავრობა ამტკიცებს, რომ ასადის დროს დაწესებული სანქციების ძალაში დარჩენა მხოლოდ შეანელებს ქვეყნის განვითარების ტემპს და არასტაბილურობას გამოიწვევს. შესაბამისად, ტრამპის გადაწყვეტილება სირიისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.