ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პოსტი დატოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, დღეს, 28 ნოემბერს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების NABU-სა და SAPO-ს წარმომადგენლები ერმაკის სახლში ჩხრეკის მიზნით შევიდნენ. როგორც ოფიციალურ უწყებებში განმარტავენ, საგამოძიებო სამუშაოები არამარტო მის სახლში, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტზე ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ საქმე ამ ეტაპზე აღძრული არ არის. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს და ანტიკორუფციული ორგანოების წარმომადგენლებს ჩხრეკის ჩატარებაში ხელს არ შეუშლის.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული ორგანოების ერმაკით დაინტერესება დაკავშირებულია იმ 100 მლნ დოლარის სკანდალთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ენერგეტიკულ სექტორში გამოვლინდა და რომლის გამოც თანამდებობა ზელენსკის მთავრობის ორმა მინისტრმა უკვე დატოვა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გათეთრებას, რომელშიც ზელენსკის გარემოცვის უახლოესი წევრები, მათ შორის ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩიც ფიგურირებდა.
ერმაკი ზელენსკის ადმინისტრაციის ის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა. გასულ კვირას შვეიცარიაში, ციურიხში სწორედ მას შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
No article in the selected categories
