ევროპელი ლიდერები გრენლანდიაზე საერთო განცხადებას ავრცელებენ

გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, - ამის შესახებ ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს.

საქმე ისაა, რომ ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმეორა, რომ მას სურს გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება. სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ, ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ დანიის სამეფო - მათ შორის გრენლანდია - ნატო-ს ნაწილია.

"არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

ნატო-მ ნათლად განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტულია და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ.

არქტიკის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ აქტივობა და ინვესტიციები გავზარდეთ.

დანიის სამეფო - მათ შორის გრენლანდია - ნატო-ს ნაწილია.

ამიტომ, არქტიკაში უსაფრთხოება უნდა იყოს მიღწეული კოლექტიურად, ნატო-ს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს წესდების პრინციპების დაცვით, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის.

ეს უნივერსალური პრინციპებია და ჩვენ მათ დაცვას არ შევწყვეტთ.

ამ საქმეში შეერთებული შტატები, როგორც ნატო-ს მოკავშირე და დანიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1951 წელს დადებული თავდაცვის შეთანხმების მეშვეობით, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის უფლებაა",- წერია განცხადებაშიმ რომელსაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერები ავრცელებენ.