კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა - არიან დაღუპულები

კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

„კიევში, სუპერმარკეტთან სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამ დროისთვის 10 ადამიანია ჰოსპიტალიზებული ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას უტარდება სამედიცინო დახმარება. ოთხი მძევლის გადარჩენა მოხერხდა. ოპერატიული გამოძიების იმედი გვაქვს. უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს დავავალე, საზოგადოებას მიაწოდონ ამ საქმესთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიდევ ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.