საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლომდე უნდა ჩაჰყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაჰყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს“, – განაცხადა პრემიერმა.
იმედი თუ აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით, შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცვავი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას.
„დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთ მუშტად შეკრული, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, ამ იდეებს არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საბოტაჟის საქმეზე გიგაურის გამოკითხვის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით. დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, ეკა გიგაური 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უსამართლოდ არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მისი ჩართულობით.
„მაგალითად, მე მახსენდება პირადად გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არა მარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის „ენჯეოების“ საქმე. ანუ, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. თუნდაც დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფომ ამ მიმართულებით გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
„ჩვენ კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრი მიმართულებით პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, აღვკვეთეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და ასევე უამრავი საკადრო ცვლილება განვახორციელეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვებრძოლოთ ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის, კორუფციულს, პოლიტიკურად მოტივირებულს, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულებს, რისი პრაქტიკული შესაძლებლობაც არ გვქონდა აქამდე. დღეს ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.