ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს - სალომე სამადაშვილი

ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ივანიშვილს სურს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და ეს გზა აქვს გამოვლილი რუსეთს და სხვა ქვეყნებს რეგიონში.

„შენ როდესაც ხარ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთანაც, ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ უფრო გამყარება საკუთარი პოზიციების. ის იტყვის, რომ არანაირი სხვა არჩევანი არ არსებობს, არანაირი სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან, არჩევნებზეც კი ვერ გამოდიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის, პირიქით, გამყარება რეჟიმის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, არჩევნების ბოიკოტი არის განსხვავებული მოვლენა საპარლამენტო ბოიკოტისგან.

„საპარლამენტო ბოიკოტი როცა შედგა, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტის შედეგია ის, რომ, მაგალითად, წულუკიანის მოღალატეობრივი კომისია არის არალეგიტიმური და მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება არალეგიტიმური. საარჩევნო პროცესი არის ბრძოლის პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან პატივს ვცემთ ყველას, ვინც არის აქტიურად ჩართული პროტესტში, ოღონდ პატივი უნდა ვცეთ იმ მოქალაქეებსაც, ვინც არის ამ პროტესტის მიღმა და არის უამრავი ასეთი მოქალაქე, რომელიც ელოდება, რომ პოლიტიკური ბრძოლა შედგება, მათ შორის საარჩევნო პროცესში. ჩვენ ამას ასე ვუყურებთ, განსხვავებული მოცემულობაა არჩევნები და განსხვავებული მოცემულობაა პარლამენტი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.