საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაური ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.

 

ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით, მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

 

გადაადგილებისთვის საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი–კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.

 

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებში იგეგმება.

 

მთავრობის მეთაური ქვეშეთი-კობის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანომდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9-კილომეტრიანი, უნიკალური გვირაბი, ასევე 2 უნიკალური ხიდი შენდება და ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, დღეს ასევე დაათვალიერა დუშეთის რეაბილიტირებული სკოლა. 

 

„განახლდა მთლიანად პირველი სკოლა და მინდა მივულოცო, პირველ რიგში ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს განახლებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება. ასევე მცხეთაში ვიყავით, სადაც განახლდა მუზეუმი და მალე უკვე სრულად გაიხსნება ეს მუზეუმი. სრულად განთავსდება ექსპონატები. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.