თბილისის მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დააჯარიმოს და გაძარცვოს - ალეკო ელისაშვილი

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერის, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქში პარკინგის სისტემა არ არსებობს და აბსოლუტურად მოშლილია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა არასწორი პარკირებისთვის 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერა.
„ყველა თბილისელს მინდა ერთი შემზარავი ციფრი ვუთხრა - 2018 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ, შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურმა გამოწერა 3,5 მილიონი ერთეული საჯარიმო ქვითარი პარკირებასთან დაკავშირებით. 3 მილიონ 500 ათასი ჯარიმა გამოწერეს არასწორი პარკირებისთვის. წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრია და რაზე მეტყველებს? ორ უმძიმეს ამბავზე. პირველი, პარკინგის სისტემა არ არსებობს თბილისში, აბსოლუტურად მოშლილია. პარკინგის სისტემა რომ გამართული იყოს, ამდენი ჯარიმის გამოწერა საჭირო არ იქნებოდა. თბილისის მერია ნაცვლად იმისა, რომ მონდომებული იყოს ინფრასტრუქტურის შექმნით, მონდომებული იყოს, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეები ააშენოს, როგორც თავის დროზე დაგვპირდნენ, გადასულია ნადირობაზე. თბილისის მერია ნადირობს საკუთარ მოსახლეობაზე, ავტომანქანების მფლობელებზე, რომ რაც შეიძლება მეტად დააჯარიმოს, რაც შეიძლება მეტი ფული ამოუღოს ჯიბეებიდან, მეტად გაძარცვოს. ჯამში, ამ საჯარიმო ქვითრების შედეგად არის 130 მილიონი ლარი ამოღებული ჩვენი ჯიბეებიდან. წარმოიდგინეთ,ეს რომ მოხმარებოდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის შექმნას, თბილისში საპარკინგე პრობლემა არ იქნებოდა“,-განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, საპარკინგე ჯარიმა არის ძალიან გაზრდილი.
„ირაკლი კუპრაძის გუნდი გპირდებით, რომ ირაკლის და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, 25 ლოკაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სივრცეების შექმნადა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება პარკირებასთან დაკავშირებით ჯარიმის ოდენობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.