ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მხრიდან მედიის კითხვების დაწუნებასა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან მის თანამშრომლობას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში.
„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლი საჭიროდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.
„მგონია, რომ სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. როცა იქნება, მას ამოეწურება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას. აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, შემიძლია, შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ა.შ. აღარ მინდა, ეს ყველაფერი გავაგრძელო. არც არის მაინცდამაინც საინტერესო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის პრესსპიკერი გამოვიდა, ანუ ევროპული ბიუროკრატიის სახე, და პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ სისტემას.
„ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. საბოლოო ჯამში, შედეგია არა ის, რომ ევროპული ბიუროკრატიის ასეთი ნაბიჯები წარმატებულია, არამედ კიდევ მეტად ძლიერდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მეტად მობილიზებულია ქართველი ხალხი ჩვენს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგ. არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ სისტემას, ქართულ დემოკრატიას წარმატებით ვერავინ დაესხმება თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადების შეფასებისას ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის შემცირებას ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.
„ეს არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, ეს არის პოლარიზაციის წახალისება. ბუნებრივია, საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის რადიკალურად შემცირებას ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ, ასეთი განცხადებების ფონზე, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობაც მცირდება. ეს არის ყველაზე დასანანი. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა ამას ცალმხრივად ვერ გავაკეთებთ. ევროპული ბიუროკრატები ასეთი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას თუ არ შეწყვეტენ, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.