რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას.
„მთავარი მიზანია დანაშაულის გამოვლენა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანარჩენი ინტერპრეტაციებია. თუ აქ იყო ვინმეს ზურგი, დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. რაც შეეხება კორუფციას, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, იქაც კი არის კორუფცია. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა, რასაც გაძლებთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია, მივმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ნებისმიერს, ამოიღონ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ კორუფციის ერთ ნიშანს მაინც რომელიმე აქტში, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას“, – განაცხადა პრემიერმა.
ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუს-ის ბრიფინგს ეხებოდა 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც დღეს ხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის 2023 წლის განცხადების გამოხატულება და გაგრძელება.
„პირველ რიგში, ნათესაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას და ბრალის წაყენება უნდა მოხდეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ. მინდა, შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფცია, უპასუხოდ არ დარჩეს არცერთი კორუფციული ფაქტი. რეალურად, ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.
საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არ არის, ისაუბროს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, არც აღძრულ და არც შესაძლო სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთ თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები. ნებისმიერი ასეთი კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს“, – განაცხადა პრემიერმა