"საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის" - ირაკლი კობახიძე

საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათი თავით მაღლა დგას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით. 

 

„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ელჩების დაბარება არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომ ისინი დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს.

 

„მათ უნდა დაიცვან წესები, პრინციპები, ეს არის, მათ შორის, ევროპული მიდგომა. არ შეიძლება, საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ, იგივე მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე, მან ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას დიდად არც გულისხმობდა ეს განცხადება, მაგრამ მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს საქართველოში.

 

„ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ძალიან ხშირად. მათ შორის, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში იყო ჩარევა - ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ასეთი მაგალითები არის უამრავი. გახსოვთ, რომ ელჩები დადიოდნენ სასამართლო პრიოცესებზე, რათა განეხორიცლებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც ასევე ვენის კონვენციისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევებია. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, მითუმეტეს ის ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ. ევროპა, ტრადიციულად, იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს,“- განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები.

 

„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და უსწრებს ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით.

 

„ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის, ეკონომიკური ადამიანური რესურსებით, დემოკრატიით, ყველა მიმართულებით. ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში, სამეულში, ხუთეულში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით. ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც ოპოზიციის გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის. 

„რაც შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ის იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე. მათი დღის წესრიგია არეულობის მცდელობა, ჩვენი დღის წესრიგია ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღის წესრიგი გაიმარჯვებს. 
გახსოვთ, „ლელოს“ თანამშრომლის, ელისაშვილის განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით. ისინი აპირებენ გაფიცვების მოწყობას, თუ მოიგებენ არჩევნებს, მერე სხვებმა უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ასეთი აზრები უტრიალებთ რადიკალურ ოპოზიციაში. როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც მათი გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის.

რაც შეეხება არეულობის ნებისმიერ მცდელობას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ  არ წაუცდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს წამოკრავენ რაღაცას, ამიტომ, ყველას ვაფრთხილებს, რომ იყვნენ ყურადღებით და არ დაარღვიონ კანონი“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“.

 

„რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება ქვეყნები, ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს -  როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს.

 

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, იყო მათი წარმომადგენელი მოსული. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს „დიფ სთეითთან“ ურთიერთობების დალაგება. ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით“, - განაცხადა პრემიერმა.