"დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა" - პრემიერი

დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კითხვაზე, რომელიც გუნდის ყოფილ და ახლანდელ წევრებს შორის დაპირისპირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საუბრებში მთელი ოპოზიცია ჩამოიშალა.

 

„ვიდრე მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 

 

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გახსოვთ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე EMAAR-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ეს არის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, სხვათა შორის ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა 6,6 მილიარდ დოლარამდე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთვნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ფორმალური თვალსაზრისით, ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა, იცით, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს. დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ე.წ. ექსპერტმა, დღეს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი.

 

ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორობის გაღრმავებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. EMAAR-ის ინვესტიციის გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ ვიღაცის დაჭერა არ არის.

„თებერვლიდან დაწყებული, როდესაც დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა მოწყვლად სფეროებში. იყო ბევრი ცვლილება, როგორც  მინისტრების, ასევე მინისტრის მოადგილეების და უფრო დაბალ დონეზე. სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც, მათ შორის, ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, უკვე 8 თებერვლიდან, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. ესეც იყო ანტიკორუფციული ზომა. ასევე, 700 მილიონის წლიური დანაზოგი გვაქვს მარტო სახელმწიფო საწარმოებში, რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა, არა მარტო კადრების ოპტიმიზაციით, არამედ ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მთავრობა მიჰყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 წლის წინ გააკეთა.

„ყველა მიმართულებით, არა მარტო ვებრძვით კორუფციას, არამედ პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მათ შორის, საკადრო და ყველა მიმართულებით ვიღებთ ზომებს, რომ არა მხოლოდ წარსულში ჩადენილ შესაძლო ქმედებებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ არ მოხდეს კორუფციული დანაშაული. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული და მომავალშიც მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ რჩევებს ამ მიმართულებით. არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებს ვეძიებით, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კორუფცია არ არის სამთავრობო სტრუქტურებში, სამთავრობო სისტემაში. ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა, კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, არა მარტო სახელმწიფო საწარმოებში, არამედ უშუალოდ სამინისტროების სისტემაში. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი მიზნის მიღწევას. მიზანი არის ძალიან ამბიციური, ეს არ არის იოლი მიზანი, ამბიციური მიზანია, ევროპის სამეულში გვინდა დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის დაპირება, რასაც გუნდი ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას და ბოლომდე მივყვებით ამ დაპირების შესრულებას“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად, წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ შარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი.

 

„სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350 ათასიც ჩამოვიდეს ნულამდე. სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.