ჩვენი მიზანი – 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც GORBI-ის კვლევას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ხელისუფლებას საქმე ძალიან გაუიოლა.
„ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, როგორც იმ ორმა პარტიამ, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ასევე იმ ორმაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.
„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ბრალდებებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები და ამ პირობებში, არავის უნდა უკვირდეს, რომ მათი კანდიდატები ტოვებენ პოლიტიკურ გაერთიანებას.
„სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როცა „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები“, – განაცხადა პრემიერმა.
პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა, როცა საქმე ძალადობასა და კანონის დარღვევას შეეხება.
„ვინმე თუ გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, რომ 2-დან 5-წლამდე მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სახელმწიფო სისტემისა და პარლამენტის შენობის წინააღმდეგ ძალადობდნენ. ანალოგიურად, შეეფარდება ყველა მოძალადეს კანონის შესაბამისი მუხლი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას“, – განაცხადა პრემიერმა.