საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭირო სტანდარტებს - სახდეპის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირების გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ (Tier 1) დარჩა.

„ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას მოიცავდა. პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, სასამართლოებმა მსხვერპლებს კომპენსაცია მიანიჭეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც სავალდებულოს ხდის მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას ტრეფიკინგის საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან გამოიძია ნაკლები ტრეფიკინგის საქმე და საერთო ძალისხმევა სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების იდენტიფიცირებისა და დევნის მიმართ იყო არასაკმარისი. სამართალდამცველებმა მსხვერპლებს მოსთხოვეს დარჩენა ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რამაც პოტენციურად შეიძლება, შეაფერხოს თანამშრომლობა უცხოელი მსხვერპლებისგან, რომლებსაც სურდათ რეპატრიაცია, ხოლო მოსამართლეებმა არცერთხელ არ მიუსაჯეს რესტიტუცია სისხლის სამართლის საქმეებში. მთავრობის ძალისხმევა მსხვერპლების იდენტიფიცირებისა და სერვისებზე მიმართვის მიმართ, რომლებსაც არ სურდათ მონაწილეობა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაში, დარჩა მინიმალური. მთავრობის მხრიდან სისტემური თანამშრომლობის ნაკლებობამ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეაფერხა ანტიტრეფიკინგული ძალისხმევა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე მოცემულია რიგი რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა.

„ტრეფიკინგის დანაშაულების, განსაკუთრებით კი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიება და მსჯავრდებული ტრეფიკერების შესაბამისი დასჯა, რაც მნიშვნელოვანი ვადით პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს; ტრეფიკინგის მსხვერპლების იდენტიფიცირება მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმებით; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება; დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსებისა და ტრენინგების რაოდენობის გაზრდა; დაზარალებულთა გამოძიებებსა და სისხლის სამართლებრივ დევნაში მონაწილეობის წახალისება დაზარალებულზე ორიენტირებული სასამართლო პროცედურების საშუალებით; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის შრომის ინსპექციის რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდა; ტრეფიკინგის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დაცვისთვის მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცნობიერების გაზრდა; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გამოქვეყნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, დოკუმენტშია ნათქვამი, ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით, ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ ქვეყნის შიგნით, კერძოდ აჭარაში და საზღვარგარეთ, კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამ პირების მოტყუება კი საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაოების დაპირებით ხდება.

„ტრეფიკერები მსხვერპლების რეკრუტირებას მოტყუებით ახდენენ, მათ უცხოეთში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ საშუალებებს. უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გამოექცნენ და რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაექცნენ, ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლადები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონებში ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ.

„რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა შეზღუდეს საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობა, რომ ემოქმედათ აფხაზეთში, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ იქ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. შედეგად, არ იყო ხელმისაწვდომი არანაირი ინფორმაცია ტრეფიკინგის არსებობის ან აფხაზური და სამხრეთ ოსური წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი დევნილები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ტრეფიკინგის მიმართ. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ტრეფიკერებმა მიგრანტები შესაძლოა, იძულებით სამუშაოში ჩართონ აფხაზეთში. ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ აფხაზეთში, შესაძლოა, მოღვაწეობდნენ ექსპლუატაციური სამუშაო პირობების ქვეშ და სახეზე იყოს იძულებითი შრომის მრავალი ინდიკატორი“, – ნათქვამია ანგარიშში.