"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 30 სექტემბერს, გამოაცხადა.
როგორც "ნეტგაზეთი" სასამართლოდან იუწყება იგივე სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ შოთა ქარუმიძესაც, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას ედავებოდა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. ბაჩიაშვილის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში: „კრიპტოვალუტების მითვისება“ და „მტკვარი ჰესი" ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ჯერ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, გუშინ, 29 სექტემბერს კი ბრალი წაუყენა. გამოძიება მის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.
გიორგი ბაჩიაშვილმა თავისი მშობლების მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე:
„ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა.
ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.
ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.
მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.