„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელსაც ირაკლი კუპრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების” პირობებში გამდიდრებული ჩინოვნიკების და კახა კალაძის პირადი გარემოცვის ფეშენებელური სახლების ბანერებთან ერთად, რიგითი თბილისელების ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია“.
აქცია-პერფორმანსს „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ, რომლებიც მთაწმინდა-კრწანისის სამაჟორიტარო ოლქებში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით კამპანიას ატარებენ.
„ჩვენ შემოვიარეთ კრწანისი და მთაწმინდის ცენტრალური უბნები და ქუჩის კარდაკარით დავასრულეთ თბილისის საკრებულოსთან სწორედ იმ ბანერებით, სადაც ჩანს ჩინოვნიკების სახლები და ჩანს ასევე ავარიული სახლები, ათი ათასობით ავარიული სახლი, რომელიც დღეს არის მიტოვებული მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად. ათი ათასი ავარიული სახლია დედაქალაქში, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ რისკებს და ასევე ვხედავთ სასახლეებს, რომლებიც აქვთ ჩინოვნიკებს 2 - ათას ლარიანი ხელფასებით, რაც გამორიცხულია კორუფციის რისკის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.