„პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ გამორჩეული წამოწყებისთვის - პრემიერი

დღეს ჩვენ ვხსნით პროექტ „პარაგრაფ თაბორს“, რომელიც თავისი მასშტაბით, ამბიციითა და შინაარსით,  ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თავს წერს ჩვენი დედაქალაქის თანამედროვე ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორს, ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ მისი საქველმოქმედო საქმიანობა თავისი შინაარსით არის გამორჩეული საქართველოსთვის. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ იდეის სულისჩამდგმელი. მისი საქველმოქმედო საქმიანობა არის, რა თქმა უნდა, გამორჩეული თავისი შინაარსით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს პროექტიც არის მისი საქველმოქმედო საქმიანობის მორიგი გამოვლინება და გამოხატულება. ყველა ასეთი, ანალოგიური პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ორიენტირებული, არა ფინანსური მოგების მიღებაზე, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამით გამოირჩევა „პარაგრაფ თაბორის“ პროექტიც. 

ეს კომპლექსი, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდის - „მარიოტის“ „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ნაწილია, თბილისს ამკვიდრებს ევროპული დონის, პრემიუმ კლასის ტურისტულ და საქმიან ცენტრად. 
„პარაგრაფ თაბორი“ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. 
თბილისში პირველი, უმაღლესი დონის გოლფის კლუბი, გამორჩეული სპა-კომპლექსი და ინოვაციური საბაგირო გზა, რომელიც მას ქალაქის გულთან, თავისუფლების მოედანთან აკავშირებს, მას რეგიონისთვის უნიკალურ პროექტად აქცევს“, -  აღნიშნა პრემიერმა. 


ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასტუმროში, გოლფის მოედანსა და საბაგიროში ჯამურად განხორციელებული 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის პირდაპირი, გრძელვადიანი დაბანდება  დედაქალაქის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ მომავალში. 


„ეს ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. 
აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ თაბორი“ არ არის ერთეული პროექტი. ის არის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილი სასტუმროების  ქსელის ნაწილი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს თბილისში, სიღნაღში და მალე აბასთუმანსაც მოიცავს. 

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მისი ამ ინიციატივის განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო  ტურიზმის განვითარების ფონდს, თითოეულ არქიტექტორს, ინჟინერსა და მშენებელს, ვინც ამ ამბიციური იდეის ხორცშესხმაში იყო ჩართული და ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა. 
„პარაგრაფ თაბორი“ ჩვენს დედაქალაქს ახალ ხიბლსა და ენერგიას შესძენს და ქალაქის თანამედროვე განვითარების მისაბაძ მაგალითს შექმნის.“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურმა პროექტის ინიციატორს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი, მადლობა გადაუხადა. 

 

„ხედავთ, რამდენად ღირებული პროექტი განხორციელდა დედაქალაქში, ეს არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ გამორჩეული წამოწყებისთვის და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხდო, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე სოციალური ეფექტიც ძალიან სერიოზულია. 450 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ სასტუმროში. ყველა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი დედაქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.