"ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული" - პრემიერი

ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული. 

„მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა. 


„ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ უნივერსიტეტში, თავის დროზე 1 ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა 1 ლარად უნივერსიტეტი, რაც იყო თავისი არსით, თავისი შინაარსით კრიმინალური ქმედება. არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას. განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობას.როდესაც წინა აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები ძალადობრივ ქმედებებში, მათ შეეფარდათ 2 წლით და მეტი თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომაროებამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ლელომ“ საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს. 

 

„ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ცოტა ხნის წინ ლიდერებმაც კი დატოვეს „ლელო“. ასეთ ფონზე, ვიღაცაზე ამის გადაბრალება არის სისუსტის მორიგი გამოხატულება. საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს ამ პოლიტიკურმა პარტიამ. აქამდე თავად მიიყვანეს საკუთარი თავი, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ყველას. ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი. ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული.

„პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ზომებს, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად დაიხვეწოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობა იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად თავიდან აცილებული ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მომავალში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა პრემიერმა.

მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიის სამეფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი იქნება ასევე ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე.

„ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, მე მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ, რომ პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ერთად, საუბარი გვექნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება ძირითადი გზავნილები, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ე.წ. ოპოზიციონერი ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის ვარდნას და ზოგადად, ეკონომიკურ კრიზისს და  ამის მაგივრად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით არის 7.9%. 

„მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის სწორი პოლიტიკის და  სწორი მენეჯმენტის დამსახურება, იმის დამსახურება, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.