საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ.
„დღეს სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ წინაასაარჩევნო პროცესები. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის.
ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს ვთხოვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიტინგის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება.
„როგორც მოგეხსენებათ,რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.
თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ.
„შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველა ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით ყველა კანონდამრღვევის მიმართ კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
„პირველ რიგში, აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე, საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართულნი ამ აქციის ორგანიზებაში. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავისი შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ, მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.
„როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა, მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მოძალადეების ადგილი არის ციხეში და ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ.
„ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული მითითებები აქვთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა.
„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია, ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდება. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3 პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდო შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან.
"რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს , ეს, როგორც დეფინიცია არის ტყუილი, ვინაიდან ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი. ხან 50, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150 კაცი იკრიბება, ერთი-ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ხვალაც ნახავთ, რომ 100 000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“. ეს არ არის საზოგადოების ნება, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს, ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი, თავისი არსით. არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოყენებული იქნება მაქსიმალური ძალა, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.
„წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინცინდენტი არ მოხდეს. ასეთი ინცინდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც - მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
„ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას და ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები.
რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან და რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“.
„ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით - ეს არის არჩევნების შედეგები. წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა. როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, - განაცხადა პრემიერმა.