4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველა, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა:
„მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე საათებია დარჩენილი. ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება? ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის მუშაობა არ შეფერხდება. რომელიმე მინისტრი, ან პარლამენტის წევრი თუ გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს, უფრო მეტიც, კოლაფსი მცირე ხნითაც არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორებიცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და პენსიების უზრუნველყოფა, მართლწესრიგი, თუ სხვა, გარანტირებული იქნება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობას უზრუნველყოფენ არამხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პირები. გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ამიტომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე ყველა მოდით, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“