"ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა" - პრემიერი

ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება მუდმივი მზაობის რეჟიმში, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი რაც უკავშირდება მათ შორის საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს. 

„თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველო არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ვრჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში, მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. 

 

„საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და რაც მთავარია გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. ამ ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს მზაობა გამოვხატეთ რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ შესაბამის ლიდერებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე.

 

„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. მათ შორის, არის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე და იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დრეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზა იასკოს, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ დროს მზადაა გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განხილულ იქნას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები.

 

„ბატონ მაკრონთან ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია ქმედით ნაბიჯებზე. ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ კოშტასთან გვქონდა გასაუბრება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან გვქონდა საუბარი და ყველგან ვსაუბრობდით ამ საერთო გზავნილით - ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. მაგალითისათვის - ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადმოიდგმება მათი მხრიდანაც“, - განაცხადა პრემიერმა.


2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ვებრძოლოთ კორუფციას და ამას ვაკეთებთ წარმატებით, მათ შორის,  შეიცვალა არაერთი მიმართულებით პრაქტიკა  საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ეხება, მათ შორის, შესყიდვებს, პრივატიზაციის საკითხებს, გამჭვირვალობას, მთავრობის გადაწყვეტილების გამჭვირვალობას და ა.შ. 

„ეს შეეხო, მათ შორის, წარსულში განხორციელებულ ქმედებებს და ამისთვის კონკრეტული პირები უკვე არიან მიცემული პასუხისგებაში. 
რაც შეეხება თანამშრომლობას, ნებისმიერ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს კორუფციული ფაქტების გამოვლენას - არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შენიშვნა მივიღოთ მთავრობის დღევანდელ და ხვალინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის გავასაჯაროეთ მთავრობის ყველა აქტი. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის დამტკიცების დღიდან, ყველა აქტი არის საჯარო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება და თუ ნახავენ სადმე კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, ნებისმიერ სუბიექტთან, ვინც კი დაგვეხმარება კორუფციის გამოვლენაში, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის, იქნება ეს მთავრობის, უწყებრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ხვალინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის. ვინც დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში, ყველას, ნებისმიერი სუბიექტის  დახმარებას და მხარდაჭერას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.