არანაირი მესამე რესპუბლიკა არ იქნება, ჯერ მეორე რესპუბლიკაც არ არის, 1991 წელს დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე აღვადგინეთ, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნა კარგი რამეც არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნებზე არ წავა და იქნება მშვიდობიან აქციაზე.
„მინდა, ვუპასუხო, შევეხმიანო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც შეაქო ეს თითქოს სამართლიანი, არაჩვეულებრივი არჩევნები, რომლებიც ხვალ ჩატარდება და, ამავე დროს, დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ორივე საკითხი ტყუილია. არანაირი სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება. ეს იქნება ფარსი და საზოგადოების დაცინვა, რომელიც გამოდის ქუჩაში მშვიდობიანად უკვე ფაქტობრივად ერთი წელია. ხალხი, რომელიც გამოდის იმისთვის, რომ მიიღოს თავისი ხმა და არჩევნები, ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით, რაც ხვალ ჩატარდება. არც თავისუფალი, არაც არანაირი გამოგლეჯის და გამოსწორების შანსი არ არსებობს, დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნებია. ცოტა ხნის წინ ამის მაგალითი რუსეთშიც ვნახეთ.
მეორე და უფრო დიდი ტყუილი შეიძლება, იყოს ის, რასაც წინასწარმეტყველებს კობახიძე, რომ დამხობის მცდელობაა, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც ფარსია, შეურაცხყოფაა იმ საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, ამ წლის მანძილზე, თავისი მედეგობა, გამძლეობა და უაღრესი მშვიდობიანი გამოსვლა.
არცერთ დღეს ძალადობა და ამის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ორასი ათასი კაციც ხომ გამოდიოდა დასაწყისში მაინც, ხვალაც შეიძლება, ბევრი გამოვიდეს და ამ ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, რომ შეიძლება, უაღრესად მშვიდობიანად გამოხატო შენი წინააღმდეგობა. ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი, ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა და ამ რეჟიმის იზოლირება.
არ შეიძლება, ეს ყველაფერი მოდელირებული დამხობით დაამთავრო. ამ არჩევნებით ამ რეჟიმმა რამდენიმე პარტიის დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა გადაწყვიტა, დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს ამ რაღაცა რადიკალიზაციით და, რაც მთავარია ამით ჩააქროს ის დიდი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმი. ზოგჯერ ბევრი ხალხია, ხან მეტი, ხან ნაკლებია და იდგება, ვიდრე არ მივიღებთ იმ მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც რჩება – საპარლამენტო არჩევნები და რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლა, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი.
არანაირი მესამე რესპუბლიკა არ იქნება, ჯერ მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 1991-ში და აღვადგინეთ იმ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნა კარგი რამეც არის.
ყველაფერი ფარსია, არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში, ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. მე ხვალ არჩევნებზე არ წავალ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან აქციაზე და ვიქნები, ვიდრე საჭირო იქნება და ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.