მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრის გახსნა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით.
“სპორტის განვითარება არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმისათვის რომ ახალგაზრდები, ბავშვები თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე, ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი, ეს ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამასაც სჭირდება ასეთი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, ამ საფეხბურთო ცენტრში ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაახარებს ჩვენს გულებს მომავალში,”- განაცხადა პრემიერმა.
რუსთავში ვგეგმავთ ტრადიციული, ძველი სტადიონის განახლებას, პრაქტიკულად, ახალი სტადიონის მშენებლობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს პროცედურები, შესაბამისი სამუშაოები და 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება ძალიან მალე რუსთავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტადიონი საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და რუსთავს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის საშუალებას მისცემს, როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის მიმართულებით.
“ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის მიმართულებით და ეს იქნება მორგებული გარემოზე, არაჩვეულებრივ გარემოშია ძველი სტადიონი. ინფრასტრუქტურა იქნება მთლიანად მორგებული ამ გარემოზე და მაქსიმალურად დახვეწილი ევროპული სტანდარტების სტადიონი გვინდა ავაშენოთ, ეს აუცილებლად ასეც იქნება,”- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
„დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზი სოხაძეს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს“, - განაცხადა პრემიერმა.