ამომრჩეველს მოვუწოდებთ მეტი აქტიურობისკენ, თავიანთი საარჩევნო უფლების გამოყენებისკენ. მათ აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია პროცესს ვთავაზობთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
რაც შეეხება არჩევნების წინასწარ შედეგებს, კალანდარიშვილის თქმით, ვარაუდობენ, რომ წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა იყოს ცნობილი.
„მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნები შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩევა, ვიდრე სხვა ტიპის არჩევნები, საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია პროცესს, მოვუწოდებთ მეტი აქტიურობისკენ, თავიანთი საარჩევნო უფლების გამოყენებისკენ.
რაც შეეხება პირველად შედეგებს, გასულ წელს ზუსტად ამ პლანშეტების მეშვეობით შევძელით, რომ საათსა და 45 წუთში, ქართული არჩევნების ისტორიაში პირველად ასეთ შემჭიდროებულ დროში წარვუდგინეთ საზოგადოებას წინასწარი შედეგები. შესაბამისად, განვლილი პილოტებისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს. შედეგები გადმოგზავნილი თუ იქნება ნახევარ საათში, ორმოც წუთში, ორმოცდაათ წუთში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაყოვნებთ. რაც მალე და ადრე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით, თუმცა ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ტრადიციულ პროცედურებზე, რაც კვლავ არის პროცესში – გადასატანი ყუთიდან მოსული ბიულეტენების მოთავსება, წილისყრები, უბნის დახურვის, გადმოგზავნის პროცედურები. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.