საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
კენჭისყრა დაიწყო 08:00 საათზე და 20:00 საათზე დასრულდება. თუმცა, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლებათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.
საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. ცესკოს მონაცემებით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.
არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში. ასევე, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.