დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
„უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა, ამ დღეების განმავლობაში, არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებასა და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია - მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს - არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია და EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
„შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით „გამოიჩინა“ თავი. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის მანძილზე და განსაკუთრებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: შეიძლება თუ არა შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს.
„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის მანძილზე და განსაკუთრებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.
საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული 5 წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და ყველაფერი საბოლოოდ დადგინდეს.
„დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს სრული სიცხადით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხერხდა მხოლოდ მოძალადეების 3%-ის იდენტიფიცირება, მაშინ, როდესაც ძალადობრივი პროცესები 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ბიუროკრატები, პოლიტიკოსები ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, საქართველოში დემოკრატიას და ამას უკავშირდება მათი ღია მხარდაჭერა ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიმართ.
„უშუალოდ პროცესშიც იყო კონკრეტული განცხადებები, მაგალითად რასა იუკნევიჩიანე, რომელიც არის ევროპარლამენტის მიერ დანიშნული საქართველოს საკითხებზე ოფიციალურ მომხსენებლად, ის პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა ძალადობას, პოლიციელებზე ძალადობას, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას. ხედავთ, რა უბედურებაშია გახვეული ევროპული ბიუროკრატია, ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი. იყო სხვა განცხადებებიც. 4 ოქტომბრამდე ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა დაუჭირა მხარი იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა. ეს კიდევ ერთხელ ძალიან მარტივ კითხვაზე გვაძლევს პასუხს, რა ფასი აქვს ამ ძალების, ამ სტრუქტურების, ამ ადამიანების განცხადებებს. რა თქმა უნდა, არც დღეს და არც მომავალში არავითარი ფასი არ აქვს და ვერ ექნება ასეთ განცხადებებს, იმდენად აშკარაა მათი გაბოროტება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველმა ხალხმა ჯერ 2020 წელს აირჩია მმართველი ძალა, შემდეგ 2024 წელს, 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა, მანამდე 2012 წელს და ეს ადამიანები არიან გაღიზიანებული ქართველ ხალხზე სწორედ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუმცა ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატია და ქართველი ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას და აკეთებს არჩევანს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, თუმცა პრევენციული ზომებისა და შემდეგ საპოლიციო ძალების უაღრესად ეფექტიანი მოქმედების შედეგად რევოლუციის მეხუთე მცდელობის თავიდან აცილება მოხდა.
„ერთი შეხედვით მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ისე იყო ჩვენი მხრიდან ვითარება შემზადებული, ისეთი პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ გაუმარტივდა საბოლოო ჯამში საპოლიციო ძარებს რეაგირება იმ უმძიმეს ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს, მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მათ ბევრი ფორმით აღიარეს, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ პირდაპირ აცხადებდა, რომ 40 ათასამდე ხმა მიიღო.
„ასეთი აღიარებები მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებითაც. წამოცდენები ჰქონდათ, ასახელებდნენ იმას, რამდენი ხმა მიიღეს, რაც ნიშნავდა თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. რაც შეეხება იმას, რატომ შედიან საკრებულოებში, მარტივად არის საქმე - სხვა დავალება მიიღეს საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. პარლამენტს როცა უცხადებ საბოტაჟს არჩევნების შემდეგ, აქ შეგიძლია, წაახალისო რევოლუციური პროცესები. 26 ოქტომბრის ღამიდან მათ დაიწყეს აქციების ორგანიზება, კეტავდნენ ქუჩებს და ა.შ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტის მიმართ საბოტაჟის განხორციელებით წაახალისებდნენ რევოლუციურ პროცესებს. თვითმმართველობის არჩევნები და საკრებულოები არის განსხვავებული საკითხი. რაც არ უნდა საბოტაჟი განახორციელო საკრებულოს მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ვერ წაეშველება რევოლუციური პროცესებს, ამიტომ დღეს მიიღეს განსხვავებული დავალება. თუ ადრე უცხოელმა პატრონებმა დაავალეს ბოიკოტირება, საბოტაჟი პარლამენტის მიმართ, ახლა მიიღეს სხვა დავალება. მათი დავალებაა, სცადონ რამენაირად საკრებულოს პლატფორმის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა, დიდი პლატფორმა ვერ მიიღეს, ლელომ მთლიანობაში გაიყვანა 58 დეპუტატი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ლელოს ერთ საკრებულოში და გახარიას შედეგი იყო უარესი, 26 დეპუტატი შეიყვანეს 64 საკრებულოში ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც. ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება ამ ორი პარტიის მიმართ დღეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი პროცესები აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დასავლურ მედიაში.
„იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაზეც ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საუბრობენ ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ეს არის ის აბსურდი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ერთ მხარეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მეორე მხარეს არის რაღაც კონკრეტული დეტალები. როგორ შეიძლება, ჯერ სასწორზე თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი და მეორე - სრულიად აშკარაა ნონსენსი, რომელიც ჩანს ამ განცხადებაში, რა თქმა უნდა, იყო უმძიმესი ძალადობა, შეგახსენებთ, რომ საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, საიდანაც ორი მართლა ღმერთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ამ ფონზე, საუბრობენ საუბრობენ რაღაც თემებზე ოდირის წარმომადგენლები და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში. ამას უკავშირდება ის უსამართლობაც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა - როგორც ასეთი, არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გებელსიც ევროპა იყო, როდესაც 40-იან წლებში მოღვაწეობდა ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის მარტივად დანგრევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღობის მოშლა მარტივად არის შესაძლებელი ფიზიკური ძალის გამოყენებით.
„თავის დროზე, კანცელარიის შენობის წინ იყო აღმართული ასეთივე რკინის ღობე, რაც ცოტა ამახინჯებდა იერსახეს და დავუსვი კითხვა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად დამცავი რაიმესგან. მითხრა, რომ 10 კაცის ძალა არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს და მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება - არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერსახეს და მოვშალეთ მაშინვე ეს ღობე. არის ათონელი, არის ისტორიული უბანი, შეიძლება თეორიულად, იქ აღმართო ბლოკებით და აგურით აშენებული ღობე, რაც დაამახინჯებდა იერსახეს. არის ის იერსახე, რაც უხდება ქალაქის ამ ისტორიულ უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა, 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი და ინგა გრიგოლიას დონემდე ნუ დახვალთ, ეს არის ჩემი რჩევა. არის ასეთი კინოფილმი „მიმინო“. ერთი ეპიზოდია - ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი და როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, სკამით გავედე შემთხვევითო. ასე ჩაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვნენ, ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მიწოლოდნენ, ჭიშკარი ჩამოვარდებოდა. პარლამენტთან არის დაცული რკინის ბარიერები და დაცულია ძალიან მძიმე კონსტრუქციებით, რაც ამახინჯებს იმ ჭიშკარს. იგივე მიზანშეწონილი არ არის ათონელზე, ვერ დავამახინჯებთ. ქალაქის ისტორიულ უბანში ასეთ მეტალის ბარიერებს ვერ გავაკეთებთ. დარჩება ისეთივე ჭიშკარი, რაც არის აქამდე მოწყობილი, რაც არ უნდა რისკები არსებობდეს, ქალაქის იერსახეს ვერ დავამახინჯებთ. მთავარია, თქვენი პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და ძალადობით არ სცადონ ამ ღობის გადანგრევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია.
„მემგონი ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაპრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამთ აქამდეც. როცა გამოდის ევროკავშირის პრესსკპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, ხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული ევროპული ბიუროკრატია. ამ ფონზე, შეიძლება, არაფერი გაგიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, მათ ძალიან აღიზიანებთ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, არ მგონია, ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ზოგადად ევროინტეგრაციისთვის. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, DCFTA შეთანხმება და ა.შ ყველა იმ რეფორმის გატარება. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ ყველა მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დანარჩენი, ვნახოთ, რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში 2030 წელს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.