"საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა" - ირაკლი კობახიძე

აშშ-ს წინა ადმინისტრაციის პირობებში, კონკრეტული ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ საქართველოში ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში, ეს იყო, მათ შორის, USAID-ი და NED-ი, რომელიც აკრძალა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამის შემდეგ არსებობდა ეჭვები, რომ პროცესების გაგრძელება გადაიბარეს კონკრეტულმა სუბიექტებმა და ამაზე ხელისუფლება გულწრფელად ესაუბრება პარტნიორებს როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების გადატვირთვა და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი.

 

„არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის კონკრეტული პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე ჩვენ თუ ეჭვი გვაქვს, ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. არის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სამართლიანობა უზრუნველყოფილი. თუ სადმე ეჭვებია, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და მივიღოთ შესაბამისი პასუხები. თინა ბოკუჩავა თუ გმობს, რა გაუჭირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ან ევროკავშირს რა გაუჭირდა, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა?! - ასეთი დაგმობა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ემიჯნება სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლების დამხობის მცდელობას და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძალადობით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას. ეს არის ჩვენი მოწოდება და ეს არის ჩვენი გულწრფელი სურვილი. ასეთი სამართლიანობა უზრუნველყოფდა ურთიერთობების ჯანსაღად გადატვირთვას, ამიტომ ჩვენ ხან საჯაროდ, ხან არასაჯაროდ, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველაფერთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

 

„თუ სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ. ეს უნდა დაამტკიცონ ქმედითი ნაბიჯებით და პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. იყო გაორებული განცხადებები თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა პრეზიდენტ ყაველაშვილს ერთ-ერთი დღესასწაული, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც საუბრობდა არა ხელისუფლებაზე, არამედ ხალხზეც. სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა. თინა ბოკუჩავამაც კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭირდა ან ევროკავშირს ან სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ეს მცდელობა.  ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკელ კოლეგებს გავუზიარეთ დახურულ ფორმატში ჩვენი ინფორმაცია, გულწრფელად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით. ველოდებით რეაგირებას. რაც შეეხება საჯარო რეაგირებას, ყველაზე მკაფიო საჯარო რეაგირება, რაც ქართველ ხალხს დაუდასტურებდა, რომ არ არსებობს ასეთი ინტერესი, რომ ქვეყანაში მოაწყოს ვინმემ არეულობა, იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საჯაროდ დაგმობა. რაც თინა ბოკუჩავამ დაგმო, დაგმოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.