ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის პრევენციის მიმართულებით - სახალხო დამცველი

ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის პრევენციის მიმართულებით, შეუსწავლელია უსახლკარობის მიზეზები და მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა., - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, გარკვეული მიმართულებით მცირედი გაუმჯობესებისა და ფრაგმენტული ინიციატივების მიუხედავად, სათანადო საცხოვრებლით უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთ სისტემური ხასიათის გამოწვევას ვაწყდებით.

"ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის პრევენციის მიმართულებით, შეუსწავლელია უსახლკარობის მიზეზები და მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. მუნიციპალიტეტების უმრავლესობას კვლავ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო, სადაც ასეთი წესი არსებობს, უსახლკარო პირის ცნება არაერთგვაროვანია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია გრძელვადიანია, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი - დაბალი.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრისების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 18 სოციალურ საცხოვრისში/თავშესაფარში განხორციელდა აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში არასათანადო გარემოა.

აუცილებელია ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სისტემური, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების გაზიარება ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.