პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, დეკლარაციის შეუვსებლობა პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, ხოლო რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება.
მისი თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
„ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებენ ყველა იმ ფაქტზე, სადაც კი შესაძლებელია, კორუფციული დანაშაულის ნიშნები იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმაც შეიმუშაოს ცვლილებები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დროის მცირე მონაკვეთში, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს. ეს არ არის უბრალოდ სამეულში ადგილის დაფიქსირება. ეს არის საკითხი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კორუფციული დანაშაულები ხდება ეს არ არის მხოლოდ ბიუჯეტის და ხალხის თანხის მითვისება. ეს აჩერებს ეკონომიკურ აქტივობას და ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გორდულაძემ.
პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.