სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ €253 მლნ-ის გადახდა დაავალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მლნ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

დღეს, 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) განგრძობადი ოკუპაციის კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და შესაბამისად არ აქვს ვალდებულება აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.