"ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს" - პრემიერი

დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო  წირვას დაესწრო. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პრობლემა გვერდს ვერ უქცევს ვერც საქართველოს.

„ამ ვითარებაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი სენი არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებაში. ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება, ისევე, როგორც  ჩემს თავს მინდა ვუსურვო რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის,  როდესაც ჩვენი ერი იყო  რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი რწმენაში, ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი. ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს. 

 

„ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და დღეს არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ იმ მრავალწლიანი, ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ დედა ეკლესიისადმი, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავალად არის შეკრებილი მრევლი სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, არის რა თქმა უნდა, ამ ღვაწლის დამსახურება და უდიდესი მადლობა პატრიარქს მისი ღვალისწლისთვის და მისი მოღვაწეობისთვის. მინდა, სვეტიცხოვლობა მივულოცო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას და მინდა მივულოცო მრევლს, მინდა, მივულოცო მცხეთელებს, მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ შვილს სვეტიცხოვლობა. ღვთის მადლი ფარავდეს ყველას. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი  ქრისტიანული კულტურის, ჩვენი დედა ეკლესიის წინაშე, რომ დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ჩვენი ქრისტიანული ღირებულების დაცვასა და შენარჩუნებაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი დედაეკლესიის მრევლის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინაშე.

 

ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი დედაეკლესიის მიმართ ზრუნვაში და კიდევ ერთხელ, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება საქართველოს განვითარება.

„თქვენ ხედავთ, როგორ მრავლად არის დღეს მრევლი სვეტიცხოვლის ტაძარში, რაც ყველას გვავსებს იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. 
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას, თითოეულ სასულიერო პირს და უპირველეს ყოვლისა, უწმინდესს და უნეტარესს. სწორედ მისი ღვაწლის დამსახურებაა ის, რომ დღეს ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, რომ ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.