"მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგში და ასევე ჰააგის სასამართლოში" - პრემიერი

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ეუთოს ეგიდით ჩამოვა საქართველოში, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა. 

 

„შეხვედრა დაგეგმილია ხვალისთვის. ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო, ეუთოს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ჩვენი დელეგაციის წევრებს მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა გადავუხადო ნატო-ს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნატო-ს ასამბლეის სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადასვლას შეეხებოდა. 

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას.

„შესაბამისი ცვლილებები ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, ხელისუფლების პრინციპული პოზიციის დამსახურებაა ყველა მოგებული საქმე როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

“ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. 

“ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ,”- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე საქართველოში. 

„პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.